საბჭოს შესახებ
საბჭოს სტრუქტურა და შემადგენლობა
OGP საქართველოს საბჭო იმეორებს ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველობის სტრუქტურას და თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს როგორც სახელმწიფო უწყებებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. საბჭოში ხმის უფლებით მონაწილეობენ ყველა მინისტრის ერთი მოადგილე და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები. ხმის უფლების გარეშე საბჭოს წევრები არიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა სახელმწიფო უწყებები. ეროვნულ დონეზე ღია მმართველობის უკეთესი კოორდინაციის მიზნით, საბჭოს სხდომებში მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს და პროცესში ჩართული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.
საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე და თანა-თავმჯდომარე. თავმჯდომარის პოზიციას იკავებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ხოლო თანა-თავმჯდომარეს ერთხმად წარადგენენ საბჭოს ხმის უფლების მქონე წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები.
როგორც საბჭოში, ისე ფორუმში, არასამთავრობო ორგანიზაციების მრავალფეროვანი ჩართულობის უზრუნველსაყოფად, პასუხისმგებლობის გაზიარებისა და თითოეული წევრის როლის გაზრდის მიზნით, საბჭოს დებულება, ისევე როგორც ფორუმის სახელმძღვანელო წესები ადგენს თანა-თავმჯდომარედ არჩევის ვადებს.
- თანა-თავმჯდომარე აირჩევა სამოქმედო გეგმის მოქმედების ვადით გეგმის შემუშავების პროცესის დასაწყისში; ერთი და იგივე ორგანიზაცია არ შეიძლება წარდგენილ იქნეს თანა-თავმჯდომარედ თანმიმდევრულად ორი სამოქმედო გეგმის მოქმედების ვადით.
- ასეთი ჩანაწერით, შესაძლებელი იქნება ერთი და იგივე ორგანიზაციამ რამდენჯერმე დაიკავოს თანა-თავმჯდომარის პოზიცია, თუმცა არა ორი სამოქმედო გეგმის ვადით გადაბმულად.
საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი
ღია მმართველობის პრინციპების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა პროცესში ჩართულ არასამთავრობოთა რეკომენდაცია და საქართველოში პირველად ჩამოყალიბდა მაღალი რანგის საბჭო, სადაც გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა როგორც მუდმივ წევრ სახელმწიფო უწყებათა ხმების უმრავლესობა, ასევე მუდმივ წევრ არასამთავრობო ორგანიზაციათა ხმების უმრავლესობა. ასეთი პროცედურით ხმების გაყოფის შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარე და თანა-თავმჯდომარე განსაზღვრავენ კონსულტაციის ვადას, რომლის დასრულების შემდგომ საბჭო წინადადებას კიდევ ერთხელ უყრის კენჭს.
საბჭო სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობით ადგენს ქვეყნის ღია მმართველობის პოლიტიკას და უზრუნველყოფს შეთანხმებული ვალდებულებების განხორციელების მონიტორინგს.
საბჭო ღია მმართელობის პლატფორმაა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს აძლევს შესაძლებლობას ღია მმართველობასთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო საკითხების ადვოკატირება უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან გაწიონ.
საბჭოს შექმნით გაიზარდა OGP-ის პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებების ანგარიშვალდებულება:
საბჭოს წევრმა უწყებებმა ახალი ვალდებულების აღების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციების არგათვალისწინების ან/და ნაწილობრივ გათვალისწინების შემთხვევაში საბჭოს დასაბუთებული უარი წერილობით უნდა წარუდგინონ, რაც საბჭოს შექმნამდე მხოლოდ ზეპირი განხილვის ფორმატში ხდებოდა.
საბჭოს მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფია ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი.
საბჭოს ძირითადი ამოცანებია:
- ქვეყანაში ღია მმართველობის ზოგადი პოლიტიკის განხორციელება და კოორდინაცია;
- ღია მმართველობა საქართველოს სამოქმედო გეგმის მომზადება და მთავრობისთვის წარდგენა;
- სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი და შეფასება;
- ღია მმართველობის პროექტების, ინიციატივებისა და საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა;
- უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია.
საბჭოს შექმნით გაიზარდა OGP-ის პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებების ანგარიშვალდებულება:
- საბჭოს წევრმა უწყებებმა ახალი ვალდებულების აღების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციების არგათვალისწინების ან/და ნაწილობრივ გათვალისწინების შემთხვევაში საბჭოს დასაბუთებული უარი წერილობით უნდა წარუდგინონ, რაც საბჭოს შექმნამდე მხოლოდ ზეპირი განხილვის ფორმატში ხდებოდა.
საბჭოს მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფია ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი.
საქართველოს მთავრობის დადგენილება საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ.