ღია მმართველობა საქართველო
საქართველოს, როგორც OGP-ის წევრი ქვეყნის წარმატება იმ სამუშაოს შედეგია, რაც ქვეყანამ წლების განმავლობაში გასწია OGP-ის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესასრულებლად.
პარტნიორობაში გაწევრიანების შემდგომ საქართველომ სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით შეიმუშავა 5, საიდანაც უკვე წარმატებით განახორციელა 4 სამოქმედო გეგმა, ხოლო 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია მიმდინარეობის პროცესშია:
ღია მმართველობა საქართველოს მიმდინარე სამოქმედო გეგმა (2024-2025 წწ.)
ღია მმართველობის სამოქმედო გეგმა
OGP-ის სახელმძღვანელო წესების შესაბამისად, პარტნიორობის წევრი ქვეყნები შეიმუშავებენ ღია მმართველობის სამოქმედო გეგმას.
OGP-ის პრინციპების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სამოქმედო გეგმა მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევითა და კოორდინირებული მუშაობით შემუშავდეს, აგრეთვე, ერთობლივად იქნეს განსაზღვრული ვალდებულებები, რომელთაც მთავრობა სამოქმედო გეგმის ფარგლებში აიღებს.
ღია მმართველობის პარტნიორობის საერთაშორისო სამდივნოს მიერ მომზადებული სახელმძღვანელო დეტალურად აღწერს სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესს, განსაზღრავს ამ პროცესში მონაწილე პირთა როლებსა და მათ კომპეტენციებს.
ქვეყანა OGP-ის ოფიციალურ წევრად ითვლება მას შემდეგ, რაც დაიწყებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთობლივ კონსულტაციებსა და გეგმის შემუშავების პროცესს. OGP-ის წევრი ქვეყანა ვალდებულია შექმნას სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციისთვის საჭირო მექანიზმი, რომელიც ამავდროულად, პროცესში ფართო საზოგადოების ჩართულობას უზრუნველყოფს.
სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი
სამოქმედო გეგმის შემუშავების საწყის ეტაპზე, ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივად შეიმუშავებენ და ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს წარუდგენენ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც, მათი შეფასებით, მიზანშეწონილია, ვალდებულებების სახით შევიდეს სამოქმედო გეგმაში.
აღნიშნულ რეკომენდაციებს ამუშავებს სამდივნო და განსახილველად წარუდგენს თემატურად შესაბამის სახელმწიფო უწყებებს.
სამოქმედო გეგმის შემუშავებას ეთმობა ღია მმართველობა საქართველოს საბჭოსა და ფორუმის რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, ქვეყნის მასშტაბით იმართება საჯარო კონსულტაციები.
2019 წელს ღია მმართველობა საქართველოს პროცესში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საბჭოს წევრები იღებენ ვალდებულებას არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციების არგათვალისწინების ან/და ნაწილობრივ გათვალისწინების შემთხვევაში, საბჭოს დასაბუთებული უარი წერილობით წარუდგინონ.
ღია მმართველობა საქართველოს სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი.