ღია მმართველობის პროცესი საქართველოში
საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) წევრი გახდა
OGP 2011 წლის სექტემბერში დაარსდა. საქართველო ინიციატივას ერთ-ერთი პირველი შეუერთდა, შეიმუშავა რა საქართველოს ღია მმართველობის 2012-2013 წლების სამოქმედო გეგმა.
ამავე წელს შეიქმნა სახელმწიფო სერვისების ერთიანი პორტალი - MY.GOV.GE, როგორც საჯარო და კერძო სექტორში არსებული ელექტრონული სერვისების ერთიანი პლატფორმა. პორტალი ამჟამად 450-ზე მეტ მომსახურებას სთავაზობს მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად.
საქართველოში დაიწყო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეფორმა; შეიქმნა ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი - სამოქალაქო საზოგადოებასთან მუდმივი თანამშრომლობის მექანიზმი
საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი და საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის სტანდარტი.
2013 წელს ლონდონში გამართულ OGP-ის გლობალური სამიტის ფარგლებში ჩატარდა კონკურსი „Bright Spots”, რომელიც მიზნად ისახავდა ინოვაციური პროექტების გამოვლენას, რომლებიც მთავრობის ღიაობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას უზრუნველყოფენ. კონკურსის 7 ფინალისტს შორის საქართველოში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და ელექტრონულად გამოთხოვის კუთხით განხორციელებული რეფორმა დასახელდა. აღნიშნული მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითად იქნა აღიარებული და მას რეკომენდაცია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გაუწია.
იუსტიციის სამინისტროს მიერ 2013 წელს შეიქმნა ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი - პირველი მუდმივმოქმედი მექანიზმი, რომელმაც ერთი მაგიდის ირგვლივ გააერთიანა სახელმწიფო უწყებები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები.
საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრი გახდა; ღია მმართველობის პროცესში საქართველოს უზენაესი სასამართლო ჩაერთო; შეიქმნა პირველი ღია მონაცემთა პორტალი - DATA.GOV.GE
2014 წელს საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად ორწლიანი ვადით პირველად აირჩიეს. მმართველი კომიტეტი ორგანიზაციის გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა, რომელშიც არჩეული 11 სახელმწიფო და 11 არასამთავრობო ორგანიზაციაა წარმოდგენილი.
ამავე წელს შეიქმნა პირველი ღია მონაცემთა პორტალი - DATA.GOV.GE, რომელზეც ღია მონაცემები დამუშავებად და ყველასთვის ხელმისაწვდომ ფორმატში ქვეყნდება. ეს ბიზნესს, არასამთავრობო და სამთავრობო დაწესებულებებს საშუალებას აძლევს შეუფერხებლად ისარგებლონ საჭირო მონაცემებით, მათი გამოყენებით კი შექმნან აპლიკაციები, ელექტრონული სერვისები და შედეგად, მიიღონ ეკონომიკური სარგებელი.
2014 წელს საქართველოში პირველად ჩატარდა ფართომასშტაბიანი საჯარო კონსულტაციები ქვეყნის ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით. ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 სექტემბრის №557 დადგენილებით დამტკიცდა.
გეგმის განხორციელებაში პირველად ჩაერთო საქართველოს უზენაესი სასამართლო.
საქართველომ OGP-ის პირველ ევროპის რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლა; ღია მმართველობა საქართველოს პროცესში საქართველოს პარლამენტი ჩაერთო
OGP-ის ევროპის რეგიონულ კონფერენციაში 40-ზე მეტი ქვეყნის დელეგატები − სამთავრობო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სპეციალურად კონფერენციისათვის საქართველოს ესტუმრნენ საფრანგეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, თურქეთის, სლოვაკეთის, სერბეთის, რუმინეთის, ნორვეგიის, ნიდერლანდების, მონტენეგროს, მალტის, იორდანიის, ირლანდიის, უნგრეთის, ჩეხეთის, ხორვატიის, ბულგარეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის დელეგაციები.
ამავე წელს მექსიკაში გამართულ OGP-ის გლობალურ სამიტზე საქართველომ სამოქალაქო საზოგადოებასთან წარმატებული თანამშრომლობისათვის ღია მმართველობის ჩემპიონის ჯილდო მიიღო.
2015 წელს პროცესს საქართველოს პარლამენტი შეუერთდა. ჩამოყალიბდა ღია მმართველობის აქტივობათა საკოორდინაციო ინტერფრაქციული ჯგუფი და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციათა აქტიური ჩართულობით შემუშავდა ღია პარლამენტის პირველი სამოქმედო გეგმა.
საქართველო, საფრანგეთთან ერთად, OGP-ის თანათავმჯდომარე ქვეყანა გახდა; ღია მმართველობის პროცესს შეუერთდა ქალაქი თბილისი და 5 მუნიციპალიტეტი
შემუშავდა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა. აღნიშნულმა გეგმამ პირველად დამოუკიდებელ კომპონენტად მოიაზრა 5 მუნიციპალიტეტის ვალდებულებები სხვადასხვა მიმართულებით. აგრეთვე, გაფართოვდა გეგმით განსაზღვრული ვალდებულებების თემატიკაც და პირველად მოიცვა გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, კონკურენციის, ენერგეტიკისა და მომხმარებელთა უფლებებთან დაკავშირებული საკითხები.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია OGP-ის ადგილობრივ ხელისუფლებათა საპილოტე პროგრამაში (OGP Local Program) ჩაერთო. საქართველოს დედაქალაქი იმ 15 ქალაქს შორის მოხვდა, რომელიც მსოფლიოს 45 მონაწილე კანდიდატიდან შეირჩა.
2016 წელს საქართველო, საფრანგეთთან ერთად, OGP-ის თანათავმჯდომარე ქვეყანა 1 წლის ვადით გახდა, ხოლო 2017 წელს პარტნიორობის თავმჯდომარის პოზიცია ასევე 1 წლით გადმოიბარა.
საქართველო 1 წლის ვადით OGP-ის თავმჯდომარედ აირჩიეს
საქართველომდე OGP-ის ხელმძღვანელობდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი, ინდონეზია, მექსიკა, სამხრეთ აფრიკა და საფრანგეთი. OGP-ის თავმჯდომარეობის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ 4 პრიორიტეტული მიზანი ჩამოაყალიბა:
- მოქალაქეთა ჩართულობისა და თანამშრომლობის გაძლიერება
- მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა
- ინოვაციების დანერგვა საჯარო სერვისების მიწოდებაში
- უკეთესი პარტნიორობის ჩამოყალიბება
- შეიქმნა ichange.gov.ge - მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების პირველი ოფიციალური სამთავრობო პლატფორმა.
- ამოქმედდა თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა.
- შეიქმნა ინოვაციური პლატფორმა - ბიუჯეტის მონიტორი და გაიზარდა საჯარო ფინანსების ზედამხედველობაში მოქალაქეთა მონაწილეობა
საქართველომ OGP-ის თვმჯდომარეობა ჩაიბარა და 2018 წლის 17-19 ივლისს OGP-ის მეხუთე გლობალურ სამიტს თბილისში უმასპინძლა
2018 წლის 12 ნოემბერს, საქართველოს მთავრობამ №537 დადგენილებით ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. აღნიშნული გეგმით გაიზარდა მუნიციპალიტეტების რაოდენობა და 11 მუნიციპალიტეტის 13 მუნიციპალური ორგანო შეადგინა. ღია მმართველობის სამოქმედო გეგმით პირველად დაიფარა ისეთი საკითხები, როგორიცაა სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების სისტემის გამჭვირვალობის გაზრდა, საცხოვრისის პოლიტიკის შემუშავება, სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობის მქონე საწარმოების ღიაობა, ეკონომიკური რეფორმებისა თუ საკანონმდებლო აქტების შემუშავებაში მოქალაქეთა ჩართულობა.
2018 წელს საქართველომ ღია მმართველობის პარტნიორობის მე-5 გლობალურ სამიტს თბილისში უმასპინძლა. ღონისძიებაში 115 ქვეყნის 2270 დელეგატი, მათ შორის სამთავრობო დელეგაციები, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრისა და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სამიტის ფარგლებში 80-მდე სესია და პანელური დისკურია გაიმართა. სამიტის მომზადებას საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უხელმძღვანელა.
თავმჯდომარეობის ვადის დასასრულს, საქართველომ OGP-ის ხელმძღვანელობა კანადის მთავრობას გადააბარა.
საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად კიდევ ერთხელ, ამჯერად სამწლიანი ვადით აირჩიეს; ღია მმართველობის პროცესის კოორდინაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ჩაიბარა
OGP საქართველოს პროცესს როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე 2019 წლის აპრილამდე კოორდინაციას იუსტიციის სამინისტრო უწევდა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 22 აპრილის №197 დადგენილების თანახმად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფუნქციად განისაზღვრა OGP-ში საქართველოს წევრობის კოორდინირება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნა საჯარო მმართველობის სამმართველო, რომელსაც OGP საქართველოსა და საჯარო მმართველობის რეფორმის ხელმძღვანელობა დაევალა.
2019 წლის 1 ოქტომბრიდან გერმანიასთან და ინდონეზიასთან ერთად, საქართველო 3 წლის ვადით აირჩიეს OGP-ის მმართველ კომიტეტში. კომიტეტში საქართველოს მთავრობას ადმინისტრაციის უფროსი წარადგენს.
2019 წელს ძალაში შევიდა საკანონმდებლო აქტების რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) შესახებ საკანონმდებლო ცვლილება.
შეიქმნა ღია მმართველობა საქართველოს პირველი, მაღალი რანგის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო; არასამთავრობო ორგანიზაციები პროცესში ხმის უფლებით ჩაერთვნენ
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით, საქართველოში პირველად შეიქმნა ღია მმართველობის მაღალი რანგის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო. საბჭოს დებულება 2020 წლის 13 თებერვალს საქართველოს მთავრობის №110 დადგენილებით დამტკიცდა.
საბჭოში ხმის უფლებით მონაწილეობს ყველა მინისტრის მოადგილე და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები.
ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი საბჭოს მუდმივმოქმედ სამუშაო ჯგუფად განისაზღვრა.
USAID GGI-ის მხარდაჭერით, მომზადდა OGP საქართველოს ვებ-გვერდი.