პარტნიორობის იდეა და ღირებულებები
ღია მმართველობის პარტნიორობა (Open Government Partnership - OGP) საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივით და 8 ქვეყნის მთავრობათა ძალისხმევით 2011 წელს დაარსდა.
დღეს OGP-ში გაერთიანებულია 76 ქვეყანა. წევრი ქვეყნის მთავრობები იღებენ ვალდებულებას, მმართველობა გახადონ უფრო ღია, ეფექტური და გამჭვირვალე, უზრუნველყონ მოქალაქეთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა და სახელმწიფო სერვისების მარტივი და კომფორტული მიწოდება. პარტნიორობის მიზნების მიღწევაში დიდი როლი აქვს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას, რათა წახალისდეს საზოგადოებრივი რესურსების ეფექტიანი მართვა და ინკლუზიური განვითარება.
OGP ქმნის გამოცდილების გაზიარების საერთაშორისო პლატფორმას მთავრობებისა და სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის, მედიისა და აკადემიური წრის წარმომადგენლებისთვის, რათა ერთობლივი ძალისხმევით გამარტივდეს ღია მმართველობის გლობალურ გამოწვევებთან გამკლავება.
ღია მმართველობის პრიორიტეტულ პოლიტიკის მიმართულებებს შორისაა კორუფციასთან ბრძოლა, ციფრული მმართველობის გაძლიერება, თავისუფალი სამოქალაქო სივრცის შექმნა, ჯანმრთელობის დაცვა და სხვა.
ქვეყნის წარმატება OGP-ის წევრობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების ხარისხით განისაზღვრება. წევრი ქვეყნები შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმებს OGP-ის 5 ძირითადი გამოწვევის გარშემო, ესენია:
- საჯარო მომსახურების გაუმჯობესება;
- საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა;
- საჯარო რესურსების უკეთესი მართვა;
- უსაფრთხო გარემოს შექმნა;
- კორპორატიული პასუხისმგებლობის გაუმჯობესება.
OGP-ის საქმიანობის მეთვალყურეობას ახორციელებს მმართველი კომიტეტი (Steering Committee – SC), რომელიც გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა და მის შემადგენლობაში შედის OGP-ის წევრი ქვეყნების მიერ არჩეული 11 მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არჩეული 11 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. მმართველი კომიტეტის ამჟამინდელი შემადგენლობაა: კანადა, ჩილე, ესტონეთი, გერმანია, ინდონეზია, იტალია, კენია, მაროკო, ნიგერია, სამხრეთ კორეა, დიდი ბრიტანეთი.
2019 წლის აპრილში გამართული არჩევნების შედეგად, 2019 წლიდან 2022 წლამდე, საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრი გახდა. საქართველოს მთავრობას კომიტეტში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი წარმოადგენდა.