რუსთავისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტები ღია მმართველობის პარტნიორობის ადგილობრივ პროგრამას შეუერთდნენ
რუსთავისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტები იმ 30 ადგილობრივ თვითმმართველობას შორის მოხვდნენ, რომლებიც ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ადგილობრივი პროგრამის (OGP Local) ახალ წევრებად 2022 წელს აირჩიეს.
ადგილობრივ პროგრამაში გაწევრებით, რუსთავისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტები იღებენ ვალდებულებას, რომ შეიმუშავებენ ღია მმართველობის სამოქმედო გეგმებს ადგილობრივ დონეზე და სხვადასხვა ფორმით ხელს შეუწყობენ ღია მმართველობის პრინციპების გამტკიცებას.
პროგრამის წევრ მუნიციპალიტეტებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ ითანამშრომლონ OGP Local-ის წევრ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, გაუზიარონ მათ ცოდნა და გამოცდილება და ადგილობრივ დონეზე ინოვაციური მიდგომები დანერგონ.
OGP-ის ადგილობრივ პროგრამაში მონაწილეობის მოსამზადებელ ეტაპზე მუნიციპალიტეტებს მხარდაჭერას უწევდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი „დეცენტრალიზაციის და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“. პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, როგორც ღია მმართველობა საქართველოს მაკოორდინირებელმა უწყებამ, და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
ღია მმართველობის პარტნიორობის ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერის სპეციალურ პროგრამას საფუძველი 2016 წელს ჩაეყარა და დღემდე ის 76 წევრს აერთიანებს. პროგრამის მიზანია ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გამყარება, რათა ადილობრივ დონეზე მმართველობა გახდეს უფრო მეტად ღია, ინკლუზიური, მონაწილეობითი და მოქალაქეებთან ანგარიშვალდებული.
OGP Local-ის პროგრამაში 2016 წელსვე ჩაერთო და დღემდე აქტიურად მონაწილეობს ქალაქ თბილისის მერია. დედაქალაქი პირველ 15 თვითმმართველ ქალაქს შორის მოხვდა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 45 კანდიდატიდან შეირჩა. 2020 წელს კი, პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გაფართოებისას, საქართველოდან OGP Local-ის პროგრამას დამატებით სამი მუნიციპალიტეტი - ახალციხე, ოზურგეთი და ხონი შეუერთდა. აღნიშნულმა მუნიციპალიტეტებმა სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით შეიმუშავეს ღია მმართველობის სამოქმედო გეგმები ადგილობრივ დონეზე და დღემდე აგრძელებენ პროგრამაში აქტიურ ჩართულობას.
ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა. ორგანიზაცია მიზნად ისახავს მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდას. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც OGP-ს 2011 წელს შეუერთდა. OGP ამჟამად მსოფლიოს ასამდე ქვეყნის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს აერთიანებს.

ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...

6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...
სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...
შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...